ოფიციალური პრეს რელიზი
გავრცელებულია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანიის „მიქაძე, გეგეჭკორი თაქთაქიშვილი“ * მიერ, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“-ს ინტერესებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხებში
უახლესი ტენდენციები ცხადყოფს საქართველოში გაზრდილ ფოკუსირებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაზე, რაც სხვასთან ერთად დაკავშირებულია და განპირობებულია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესით.
ცხადია, ყველაზე აქტიურნი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით გახლავთ მსხვილი კომპანიები.
„ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“ უკვე არაერთი წელია, რაც წარმატებით განაგრძობს კამპანიას თავისი სასაქონლო ნიშნების საქართველოში უკანონო გამოყენების წინააღმდეგ.
„ტოიოტა მოტორ კორპორეიშენს“, რომელიც გახლავთ ფართოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების TOYOTA, LEXUS, LAND CRUISER, COROLLA, CAMRY, HILUX, RAV4, PRIUS მფლობელი, მტკიცედ სწამს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს ცივილიზებული ეკონომიკური სისტემის განუყოფელ ნაწილს და თავისი სასაქონლო ნიშნების დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა, იცავს მომხმარებელთა ინტერესებს და მათ უსაფრთხოებას.
კამპანიის პირველი ფაზა, ძირითადად, მოიცავდა სამართლებრივი ზომების მიღებას კონტრაფაქციული (ყალბი) ავტო ნაწილების იმპორტისა და რეალიზაციის წინააღმდეგ. 2014 წლიდან მოყოლებული TOYOTA-ს კონტრაფაქციული ავტო ნაწილების წილი საქართველოს ბაზარზე რადიკალურად შემცირდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელშეწყობით 2014-2017 წლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეჩერებულ და შემდგომ განადგურებული იქნა TOYOTA-ს კონტრაფაქციული ავტო ნაწილების და შესაფუთი მასალის არაერთი პარტია. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა ათი ე.წ. რეიდი კონტრაფაქციული ავტო ნაწილებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ. საერთო ჯამში დაახლოებით შვიდი ათასამდე ერთეული კონტრაფაქციული ავტო ნაწილი და ათეულობით კილოგრამი შესაფუთი მასალა იქნა კონფისკებული და განადგურებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენს“ სურს ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და გამოხატოს მადლიერება შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართ კონტრაფაქციასთან ბრძოლაში მათი მხრიდან სისტემატიური მხარდაჭერისთვის.
კამპანიის მეორე ფაზის განმავლობაში, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“ განაგრძობს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარებას კონტრაფაქციული ავტო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციასთან მიმართებაში. კერძოდ, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“ კონტრაფაქციული ავტო ნაწილებისა და აქსესუარების შემოტანაზე ეფექტური სასაზღვრო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით შეინარჩუნებს ძალაში შემოსავლების სამსახურში თავისი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციებს, ისევე, როგორც განაგრძობს შიდა ბაზრის მონიტორინგს იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეამციროს კონტრაფაქციული ავტო ნაწილების წილი საქართველოში.
იმავდროულად, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“ მიიღებს ყველა აუცილებელ სამართლებრივ ზომას თავისი სასაქონლო ნიშნების ვაჭრობის პროცესში უკანონო გამოყენების წინააღმდეგ, კერძოდ კი ისეთი სახის აბრების ან სტიკერების გამოყენების წინააღმდეგ, რომლებიც შეიცავენ „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“-ს სასაქონლო ნიშნების გამოსახულებებს (როგორც ლოგოების, ისე სიტყვიერი ნიშნების) და რომლებიც განთავსებულია სავაჭრო წერტილებზე, მათ ფასადებზე, ვიტრინებზე, ლაითბოქსებსა ან/და სავაჭრო წერტილის შიდა კედლებზე. წინამდებარე პრეს რელიზის გამოქვეყნებით, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“ ამცნობს იმ მეწარმეებს, რომლებიც იყენებენ „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“-ს სასაქონლო ნიშნებს მათ სავაჭრო პუნქტებში აბრის / სტიკერის სახით და აძლევს მათ ერთ თვიან ვადას, რათა უზრუნველყონ უკანონოდ განთავსებული სასაქონლო ნიშნების მოცილება სავაჭრო წერტილებიდან.
იმავდროულად, იმ მეწარმეთათვის, რომლებსაც სურთ ჩართულნი იყვნენ TOYOTA-ს ავტო ნაწილებით ლეგალურ ვაჭრობაში, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“ უზრუნველყოფს მათთვის შესაძლებლობას, შეისყიდონ ორიგინალური ავტო ნაწილები „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“-ს ოფიციალური დილერებისგან საქართველოში.
უსაფრთხოების დაცვის მიზნებისთვის, „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“ მის ერთგულ მომხმარებლებს ურჩევს შეიძინონ მხოლოდ ორიგინალური ავტო ნაწილები „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი“-ს შემდეგი ოფიციალური დილერებისგან: შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-20 კმ., ტელ. +99532 2522022) და შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ (მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 6, ტელ. 99532 2292000).
* შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“
საქართველო, თბილისი 0159, ლუბლიანას ქ. 11, მე-2 სადარბაზო, ბ. 38
ტელ. +99532 2611308, +99532 2611308
ელ. ფოსტა: mikadze@mikadze.ge